Новости

„თეთრი კვადრატი“ და ბიქეი ქონსთრაქშენი „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს

„თეთრი კვადრატი“ და ბიქეი ქონსთრაქშენი „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ და სამშენებლო კომპანია ბიქეი ქონსთრაქშენი „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი, კუთვნილ ბინებს მიიღებს.

პროექტი თბილისის მერიასთან 2020 წლის 23 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს


„აქ უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობა 13 წლის წინ უნდა დასრულებულიყო. პროექტს ახორციელებდა „ოლიმპიური ვარსკვლავი“, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მშენებლობის დასრულება და ფართების მესაკუთრეთა დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. როგორც კი მოვედით მერიაში და დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, ერთ-ერთ პრიორიტეტად გაცხადდა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულება და ისეთი კომპანიების მოძიება, რომლებიც ამ სამუშაოების განხორციელებას შეძლებდნენ. რამდენიმე თვის წინ, ამ ადგილზე გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და დღეს უკვე, ყველანაირი სამშენებლო ნებართვა არის გაცემული იმისთვის, რომ კომპანია შეუდგეს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. სამი წლის განმავლობაში ეს კონკრეტული ობიექტი იქნება დასრულებული და ყველა ოჯახი დაკმაყოფილებული“. განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი სრულად ფინანსდება თეთრი კვადრატის მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას ბიქეი ჰოლდინგში შემავალი სამშენებლო კომპანია ბიქეი ქონსთრაქშენი განახორციელებს.


„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დასრულებულია საპროექტო სამუშაოები და უკვე ავიღეთ სამშენებლო ნებართვა. „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობის დასრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. კარგად ვაცნობიერებთ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე აღებულ ვალდებულებას. ნდობის გამოცხადებისთვის კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თბილისის მერიასა და საინიციატივო ჯგუფს. -  განაცხადა „ბიქეი ჰოლდინგის“ მმართველმა პარტნიორმა შოთა ბერეკაშვილმა.

30.11.2021

Заказать звонок

Спасибо, что связались с нами. Мы вам скоро позвоним!