„თეთრი კვადრატი“ x ანა ჯაფარიძე: ახალი დასაწყისი ჩემპიონთან ერთად
დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ საქართველოს ბანკის ინიციატივას უერთდება. კამპანიის “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” ფარგლებში ბრენდის რჩეული პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდა.
ანასთან პარტნიორობა “თეთრმა კვადრატმა” მისი შეუპოვარი ხასიათის, მუდმივი განვითარების სურვილის და ენერგიურობის გამო გადაწყვიტა, რომელიც ზუსტად ემთხვევა კომპანიის განახლებულ ხედვას.
ტაეკვონდო ბალანსის, დისციპლინისა და საკუთარი შესაძლებლობების ზღვრის გადალახვის სპორტია, ანა ჯაფარიძე კი მისი კაშკაშა წარმომადგენელი. ის 2024 წლის პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და 2025 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონია. წელს ანამ ევროპის ჩემპიონატის და პარიზის და რომის გრან-პრის ოქროს მედლები მოიპოვა.
“ანა ჯაფარიძის მხარდაჭერა ჩვენთვის ბუნებრივი იყო. მისი ასაკი, საოცარი პროგრესი და გამარჯვებისკენ სწრაფვა ზუსტად გამოხატავს ჩვენი ახალი სლოგანის იდეას. ახალი დასაწყისი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცის შეცვლა; ეს არის სტერეოტიპების მსხვრევა, ახალი სიმაღლეების დაპყრობა და გამბედაობა, გადადგა ნაბიჯი წინ. გვიხარია, რომ ანას ამ გზის ნაწილი გავხდით”, - აღნიშნავს “თეთრი კვადრატის” მარკეტინგის ხელმძღვანელი, თინათინ ხაფავა.
საქართველოს ბანკი პარალიმპიური კომიტეტის მთავარი მხარდამჭერია. აღნიშნული კამპანიით ის მნიშვნელოვან გამოწვევას ეხმიანება: პარალიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ წარმატებული პარასპორტსმენების მიმართ ყურადღება იკლებს და ჩემპიონები საზოგადოებისთვის „უხილავები“ ხდებიან. კამპანიის მიზანი ამ ტენდენციის შეცვლაა.
„საქართველოს ბანკის ეს კამპანია სწორი და დროული ინიციატივაა. “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” ერთჯერადი სოციალური პროექტი არ არის, პირიქით - ეს არის მცდელობა, შევცვალოთ კულტურა და ქართველ პარასპორტსმენებს მხარი დავუჭიროთ, რასაც უპირობოდ იმსახურებენ”, - ამბობს თინათინ ხაფავა.
კამპანიის ფარგლებში „თეთრმა კვადრატმა“ ანა ჯაფარიძის მონაწილეობით სპეციალური ვიდეორგოლი გადაიღო. ვიდეორგოლში ანა წარმოჩენილია არა მხოლოდ სპორტული მიღწევების ჭრილში, არამედ, როგორც თანამედროვე ახალგაზრდა ჩემპიონი, რომელსაც სჯერა, რომ წარმატება მაშინ იწყება, როცა საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ირწმუნებ.
სულ მალე, ანა ჯაფარიძე ახალ სპორტულ გამოწვევას შეხვდება. 20-22 ნოემბერს პარასპორტსმენი სამხრეთ კორეაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.