ბლოგი
როგორ შევარჩიოთ ბინა საინვესტიციოდ
28.10.2024
უძრავ ქონებაში, კონკრეტულად კი ბინაში ინვესტიცია საკმაოდ მომგებიანი წამოწყება შეიძლება იყოს, თუმცა აუცილებელია, რომ სწორად განვსაზღვროთ და დავგეგმოთ თითოეული ნაბიჯი.
რა უნდა გავითვალისწინო უძრავ ქონებაში, კერძოდ კი ბინაში ინვესტირებისას?
1. განსაზღვრეთ საინვესტიციო მიზნები
სანამ ბინის ძიებას დაიწყებთ, ჯერ მიზნები და პრიორიტეტები უნდა დაალაგოთ. გრძელვადიან შემოსავალს ეძებთ თუ მოკლევადიანს? გაქირავება გსურთ თუ გაყიდვა? სწორედ ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ, მიხვდეთ, როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი ბინა.
2. შეარჩიეთ სწორი მდებარეობა
უძრავი ქონების მდებარეობა უმნიშვნელოვანესია. მოძებნეთ ბინები იმ უბნებში, სადაც პოტენციალი და შესაძლებლობები აშკარად მზარდ ხასიათს ატარებს. მნიშვნელოვანია ასევე უბნის ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, სკოლები თუ რეკრეაციული ზონები. ჩვენი დაკვირვებით, დღეისათვის ყველაზე პოპულარული საინვესტიციო ლოკაცია თბილისია, კერძოდ კი საბურთალოს რაიონი.
3. განსაზღვრეთ მოსალოდნელი წლიური მოგება
ქართულ ბაზარზე უძრავი ქონების ფასის მზარდი ტენდენცია შეინიშნება. რამდენიმე წლის წინ შეძენილი ბინა დღეს შესამჩნევად ძვირი ღირს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუკი მშენებარე ბინა შეიძინეთ, ეს ბინა 30%-ით უფრო ძვირი ეღირება დასრულებულ მდგომარეობაში. მშენებლობის საშუალო დროდ თუ 2 წელს ავიღებთ, მაშინ მივიღებთ 15%-იან წლიურ ამონაგებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
4. რეალისტურად შეაფასეთ შესაძენი ქონება
თუკი ბინის გაქირავებას გეგმავთ და, შესაბამისად, გრძელვადიან ინვესტიციას ახორციელებთ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ საშუალო შემოსავალი, რომელსაც თვიურად მიიღებთ. ამისათვის მარტივი ფორმულა შეგიძლიათ გამოიყენოთ: ბინის ჯამური ღირებულება გაყავით 120-ზე, ასე გამოთვლით 10 წლის განმავლობაში თვიურად თავად რამდენი გიჯდებათ ეს ბინა. თუკი ეს რიცხვი ახლოსაა საბაზრო ფასთან, მაშინ თქვენი ინვესტიცია წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.
როგორც ხედავთ, ინვესტიციის წარმატებაზე სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება მოქმედებდეს. თუკი წინასწარვე გეცოდინებათ, რა არის თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა, შეძლებთ მიიღოთ ხანგრძლივი პასიური შემოსავალი.