კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ აუტიზმის ეროვნული ცენტრის ფერად ქალაქს საცხოვრებელ სახლს აუშენებს და საჩუქრად გადასცემს.
პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარია. სახლის მშენებლობის ხარჯებს კომპანია სრულად დააფინანსებს.
აღნიშნული სახლის მშენებლობას დღეს, 24 ოქტომბერს, ჩაეყარა საფუძველი „ფერადი ქალაქის“ ტერიტორიაზე.
„ფერადი ქალაქი“ არის ერთადერთი სივრცე რეგიონში, სადაც მოზარდი და ზრდასრული ასაკის აუტიზმის მქონე პირები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას შეძლებენ.
თბილისის მერიამ აუტიზმის ფონდს ტერიტორია 2017 წელს გადასცა საჩუქრად.
„თეთრი კვადრატის“ მიზანია ნებისმიერი ადამიანისთვის ჯანსაღი, კომფორტული და ადაპტირებული გარემოს შექმნა. ჩვენი დეველოპერული პროექტებიც სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.
ჩვენი კომპანია ცდილობს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე მორგებული გარემოს შექმნას, როგორც უშუალოდ ჩვენს პროექტებში, ასევე ზოგადად იმ გარემოში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
მოხარული ვართ, რომ დღეს საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ კეთილ საქმეს, ჩვენი და აუტიზმის ეროვნული ცენტრის მეგობრობას.
ძალიან მალე, „ფერად ქალაქში“ თეთრი კვადრატის სახლი აშენდება და საკუთრებაში გადაეცემა აუტიზმის ეროვნული ცენტრის ბენეფიციარებს“ - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ, „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა.
“თეთრი კვადრატის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულება ადამიანზე მორგებული და მის ფიზიკურ თუ სულიერ სიმშვიდეზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა